ადგილმდებარეობა: მარჯანიშვილის ქუჩა 7, თბილისი, საქართველო დამკვეთი: სს „თიბისი ბანკი“ ფართობი: 6400კვ.მ პროექტის განხორციელების ვადები: სექტემბერი,2003 - თებერვალი, 2005 ისტორიული მნიშვნელობა თბილისში, მარჯანიშვილის N7-ში მდებარე შენობა, რომელშიც „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისია განთავსებული, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალი არქიტექტურული ღირებულების მქონე ნაგებობაა, რომელიც 1912 წელს ცნობილი პოლონელი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის პროექტის მიხედვით აშენდა. შენობა 4 სართულიანია, აქვს სარდაფი და სამი გუმბათი. ფასადი გაფორმებულია ორნამენტებით, რომელებიც ნაგებობის განუყოფელ ნაწილს და მისი ხასიათის განმსაზღვრელ ელემენტს წარმოადგენენ. შენობის ინტერიერის დეკორაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილებია სამი დიდი სარკე ხის ჩარჩოებით, 120 სმ სიმაღლის ორი ჩინური ლარნაკი და ნადირობის ქალღმერთის, დიანას ბრინჯაოს ქანდაკება. არსებობის მანძილზე შენობას მრავალი სხვადსხვა დანიშნულება ჰქონდა. თავდაპირველად კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური ასოციაციის ოფისი იყო. 1934 წელს კი თბილისის ცენტრალურ უნივერმაღად გადაკეთდა და ამ სახით 2002 წლამდე ფუნქციონირებდა. შემდგომ ორ წელიწადში “ასკ”-ს მიერ ჩატარებული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად შენობა განახლდა და ამავდროულად ძველი იერსახე შეინარჩუნა. სახურავის აღსადგენად გამოყენებულ იქნა ძველებური მასალის ზუსტი ასლი. ახალი საფარი დამზადდა გუმბათებისთვისაც. მთავარ კიბეს, რომელიც შენობის არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და ძლიერ იყო დაზიანებული, პირვანდელი სახე დაუბრუნდა. სეისმოლოგიის ინსტიტუტის რეკომენდაციით გამაგრდა შენობის ფუნდამენტი.
TBC ბანკი მარჯანიშვილზე