სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ქ. მცხეთაში თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 20კმ-ში მდებარეობს. საქართველოში სიდიდით მეორე ტაძარი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა ადგილია. რამდენიმე საუკუნეა მცხეთა საქართველოს რელიგიური ცენტრია და წმინდა ქალაქად იწოდება. სვეტიცხოვლის ტაძარს კი, რომელშიც ქრისტეს კვართია განთავსებული, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართული არქიტექტურისა და და ეკლესიის ისტორიაში. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძარი 1010-1029 წლებში ქართველი ხუროთმოძღვრის არსუკისძის მიერ აშენდა. სვეტიცხოვლის ტაძარი 8-კოშკიანი დამცავი კედლითაა შემოსაზღვრული, რომელიც ქვითა და აგურითაა ნაგები და 1787 წლით თარიღდება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სამრეკლო, რომელიც მთავარი შესასვლელის გვერდით მდებარეობს, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა. ბოლო ორი საუკუნის მანძილზე კი სამრეკლო და მისი კიბე თითქმის მთლიანად იყო დაშლილი. დარჩენილი იყო ნაგებობის მხოლოდ ერთი მესამედი ნაწილი. სამრეკლოს აღდგენა 2005 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და ბ-ნ მამუკა ხაზარაძის ინიციატივითა და დაფინანსებით დაიწყო. სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება „ასკ“-ს გენერალურ დირექტორს, დავით ლაცაბიძეს დაევალა, რომელმაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტთა გუნდი შეკრიბა. მათი მონაწილეობით ჩატარდა მიწისქვეშა გადამაგრების სამუშაოები. გუმბათისა და თაღების აღდგენითი და კიბეების სარესტავრაციო სამუშაოები. საპატრიარქოს წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ სამრეკლოს გუმბათისთვის 7 სხვადასხვა ზომის ზარი შეირჩა, რომლებიც იაროსლავლში, რუსეთში დამზადდა. სამუშაოების მაღალპროფესიულად შესრულების შედეგად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სამრეკლომ პირვანდელი სახე დაიბრუნა.
სვეტიცხოველი